9 კვირა

ერგოგენულობის ცნება სპორტულ პრაქტიკაში

6) ფიზიკური და ნეიროფიზიოლოგიური წარმადობის გამაუმჯობესებელი საშუალებები. დეფიციტის აღმოფხვრისა და ერგოგენული ეფექტის ერთმანეთისგან გამიჯვნა ნეირომედიატორების წინამორბედის მაგალითზე.

 

6) ერგოგენულობის ცნება

     ტერმინი „ერგოგენული“ მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან ἔργον (ერგონ) — „მუშაობა, მოქმედება“ და -γενής (გენის) — „გამომწვევი, დამბადებელი“ და თავდაპირველად გამოიყენებოდა ყველა იმ ფაქტორების აღსანიშნავად, რომლებიც ხელს უწყობენ სამუშაოს შესრულებას. სპორტულ პრაქტიკაში აღნიშნული ტერმინი დამკვიდრდა იმ საშუალებების აღსაწერად, რომლებიც მიმართულია შრომისუნარიანობისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესებისკენ. ამასთან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტერმინი თავისი ბუნებით აღწერითია და არ წარმოადგენს მკაცრ მეცნიერულ კატეგორიას, რის გამოც მისი გამოყენება ყოველთვის მოითხოვს ფიზიოლოგიური პირობებისა და საშუალების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებას.

     ერგოგენული საშუალებები – ეს არის პრეპარატები ან მეთოდები, რომლებიც გამოიყენება შრომისუნარიანობისა და სპორტული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად; ამასთან მნიშვნელოვანია ერგოგენული ზემოქმედების გარჩევა დეფიციტის აღმოფხვრისა ან რესურსებით უზრუნველყოფის ნორმალიზაციისგან, რომლებიც მხოლოდ ფიზიოლოგიურ აღდგენას გულისხმობენ [1].
ყოფითი აზროვნებით დაშვებული შეცდომაა "თუ ნივთიერება რაიმე ფორმით აუმჯობესებს მაჩვენებლებს ის ერგოგენულია". უნდა აღინიშნოს, ტერმინს „ერგოგენული საშუალებები“ არ გააჩნია მკაცრი, უნივერსალური განსაზღვრება, რომელიც ყველა შესაძლო კონტექსტს მოიცავს. ეს განპირობებულია იმით, რომ მხოლოდ მაჩვენებლების გაუმჯობესება საკმარისი არ არის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საწყის მდგომარეობასა და ნივთიერების მოქმედების მექანიზმს.

  ერგოგენული ეფექტი არ გახლავთ მხოლოდ დეფიციტიდან ნორმამდე აღდგენა;
ის გულისხმობს ფუნქციის გაუმჯობესებას მაშინ, როდესაც ორგანიზმი რესურსებით ნორმალურად არის უზრუნველყოფილი.

სპორტულ პრაქტიკაში მაჩვენებლების გაუმჯობესებას შეიძლება სხვადასხვა საფუძველი გააჩნდეს. კერძოდ, განასხვავებენ:

  1. დეფიციტის აღმოფხვრას (მაგალითად, ვიტამინების, მიკროელემენტების, ამინომჟავების, ძილის);
  2. რესურსებით უზრუნველყოფის დარღვეული მექანიზმების აღდგენასა და ფუნქციის ნორმამდე დაბრუნებას;
  3. ერგოგენულ ზემოქმედებას, რომლის დროსაც ორგანიზმის წარმადობა იზრდება დეფიციტის არარსებობის პირობებში.

მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ნივთიერების გამოყენების შედეგად მაჩვენებლების ზრდა თავისთავად არ წარმოადგენს ერგოგენულობის კრიტერიუმს. თუ გაუმჯობესება დაკავშირებულია დეფიციტის აღმოფხვრასთან ან დარღვეული ფუნქციის აღდგენასთან, ასეთი ზემოქმედება ერგოგენულად არ განიხილება, თუნდაც მას თან ახლდეს შრომისუნარიანობის სუბიექტური ან ობიექტური ზრდა.

ერგოგენულ ფაქტორად, როგორც წესი, მიიჩნევენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც:

  • უზრუნველყოფენ შესაძლებლობების იმ დონის მიღწევას, რომელიც საშუალების გარეშე გაცილებით რთულად მისაღწევია;
  • ავლენს ფუნქციის გამაძლიერებელ ეფექტს დეფიციტის არარსებობის პირობებში,
  • მისი მოქმედება ხასიათდება რეგულატორულ მექანიზმებში ჩარევის გზით.

ამ მიზეზით, ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინები ან ცილოვანი დანამატები, პრაქტიკულად არასოდეს კლასიფიცირდება როგორც ერგოგენული, მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მდგომარეობა და მაჩვენებლები. ამასთანავე, ზოგიერთი საშუალება იკავებს საზღვრულ პოზიციას, ვინაიდან მათი ეფექტი დამოკიდებულია გამოყენების პირობებსა და ფიზიოლოგიურ კონტექსტზე.

ამრიგად, დეფიციტის აღმოფხვრას ან რესურსებით უზრუნველყოფის ნორმალიზაციასა და ერგოგენულ ზემოქმედებას შორის მკაფიო გამიჯვნა პრინციპულად მნიშვნელოვანია სპორტული პრეპარატების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების სწორი შეფასებისთვის. მოყვანილი ნიუანსების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ

  ერგოგენული დანამატი გახლავთ საშუალება, რომელიც გამოიყენება ფიზიკური ან ფუნქციური წარმადობის გასაზრდელად იმ პირობებში, როდესაც ორგანიზმი უკვე ნორმალურად არის უზრუნველყოფილი და არ აღინიშნება დეფიციტი.

მიიღება შედეგი, რომელიც აღემატება ბუნებრივ ზღვარს, მიღწევადს მხოლოდ ფიზიოლოგიისა და ვარჯიშის ფარგლებში.

 

 


ერგოგენული დანამატები

     ფიზიკური მომზადებისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესების კონტექსტში ტერმინი „ერგოგენული დანამატები“ გამოიყენება იმ საშუალებების აღსანიშნავად, რომლებიც მიზანმიმართულად ზრდიან ორგანიზმის შრომისუნარიანობას და ფუნქციურ წარმადობას. თუმცა, როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ერგოგენული მოქმედება ზოგადი მხარდაჭერის, აღდგენის ან დეფიციტის კორექციისგან.

მოცემულ სახელმძღვანელოში ერგოგენულ დანამატებად მიიჩნევა მხოლოდ ის საშუალებები, რომელთა ეფექტი ვლინდება ორგანიზმის რეგულაციურ მექანიზმებში ჩარევის გზით და იწვევს ისეთ ფუნქციურ გაუმჯობესებას, რომელიც ვერ მიიღწევა მხოლოდ ვარჯიშით, ადეკვატური კვებითა და აღდგენით.

ამრიგად ერგოგენული დანამატების მოქმედება შეიძლება შეეხებოდეს:

  • ენერგეტიკული სისტემების რეგულაციას (მაგ., ატფ-ის რესინთეზის სიჩქარეს ან ენერგეტიკული მოცულობის ზრდას),
  • ცენტრალურ ნერვული სისტემის რეგულაციას და დაღლილობის აღქმას,
  • მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ბუფერულ მექანიზმებს,
  • სისხლის მიმოქცევისა და ჟანგბადის მიწოდების ეფექტიანობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერგოგენული ეფექტი არასოდეს არის „უფასო“: რეგულაციურ სისტემებში ჩარევა ყოველთვის ასოცირდება გარკვეულ ფიზიოლოგიურ, სენსორულ ან ორგანიზაციულ საზღაურთან, კერძოდ, ხშირად უკავშირდება კუჭ-ნაწლავის დისკომფორტს, ნეირორეგულაციურ ეფექტებს, ჰემოდინამიკურ ცვლილებებს ან სითხე-ელექტროლიტური ბალანსის რღვევას. სწორედ ამიტომ, ერგოგენული დანამატების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს არა პოპულარობას ან მარკეტინგულ დაპირებებს, არამედ მოქმედების მექანიზმის, ეფექტის მასშტაბისა და პოტენციური რისკების კრიტიკულ ანალიზს.

 

ერგოგენული პრეპარატების მთავარი საფრთხე არ მდგომარეობს მწვავე ტოქსიკურობაში, არამედ ორგანიზმის ადეკვატური ფიზიოლოგიური თვითრეგულაციის თანდათანობით დაკარგვასა და ადაპტაციის რეალური საზღვრების შენიღბვაში.

მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები, სამწუხაროდ, კიდევ უფრო რთულად ამოსაცნობია ადრეულ ეტაპზე და, როგორც წესი, ვლინდება ერგოგენული საშუალებების ბოროტად გამოყენებისას, მათი კომბინირების შემთხვევაში ან ინდივიდუალური ფიზიოლოგიური შეზღუდვების უგულებელყოფისას. სწორედ ამიტომ ხშირად ხდება მათი საფრთხის არასაკმარისი შეფასება.


რისკები ერგოგენული ჩარევის შემთხვევაში


 რეგულაციის ქრონიკული დარღვევა

ყველაზე სერიოზული რისკის კლასი

ერგოგენული საშუალებების ხანგრძლივი ან აგრესიული გამოყენების შემთხვევაში ორგანიზმი შესაძლოა გადავიდეს საკუთარი რეგულაციური მექანიზმების გადაწყობაზე, რაც იწვევს ფიზიოლოგიური თვითრეგულაციის დარღვევას.

შესაძლო შედეგები:

  • დაღლილობის ზღვრების გადანაცვლება. იკარგება გადატვირთვის სიგნალების ადეკვატურად აღქმის უნარი;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული გადაძაბვა, განსაკუთრებით ნეირორეგულატორული ერგოგენული საშუალებების გამოყენებისას;
  • აღდგენის პროცესების დარღვევა, მიუხედავად სუბიექტური განცდისა, რომ შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია ან გაუმჯობესებულია.

ღნიშნული ცვლილებები არ წარმოადგენს მწვავე ტოქსიკურ ეფექტს და ასახავს რეგულატორულ დეზადაპტაციას, რომელიც ითვლება ერგოგენული ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე ფარულ და პოტენციურად სახიფათო ფორმად.

 

სისტემების კუმულაციური გადატვირთვა

დაგროვებითი, არამყისიერი რისკი

ერგოგენული საშუალებების განმეორებითი გამოყენება შესაძლოა იწვევდეს სხვადასხვა ფიზიოლოგიური სისტემის ნელ დაგროვებით გადატვირთვას, რომელიც ხშირად არ ვლინდება დაუყოვნებლივ.

შესაძლო შედეგები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განმეორებადი ფუნქციური გაღიზიანება;
  • წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;
  • ჰემოდინამიკური რეგულაციის ქრონიკული დატვირთვა.

ამ ტიპის რისკი ხშირად რჩება შეუმჩნეველი, რადგან არ უკავშირდება მკვეთრ სიმპტომებს და ვითარდება თანდათანობით.

 

ფიზიოლოგიური შეზღუდვების შენიღბვა

ადაპტაციის მცდარი შეფასება

ზოგიერთი ერგოგენული საშუალება ამცირებს დაღლილობის სუბიექტურ აღქმას ან აუმჯობესებს დატვირთვის გადატანას, რეალური სტრუქტურული მზადყოფნის გაუმჯობესების გარეშე.

შესაძლო შედეგები:

  • გადატვირთვისა და გადავარჯიშების გაზრდილი რისკი;
  • ტრავმების განვითარება სუბიექტური „მზადყოფნის“ ფონზე;
  • ფუნქციურ და სტრუქტურულ ადაპტაციას შორის დისბალანსი.

ამ შემთხვევაში ეფექტი შეიძლება იქცეს მოტყუებით კომპენსაციად, რომელიც ზრდის დაზიანების ალბათობას.

 

სისტემური რისკების ზრდა კომბინირებული გამოყენებისას

პროგნოზირებადობის დაკარგვა

ერგოგენული საშუალებების ერთდროული ან კომბინირებული გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ეფექტების არაპროგნოზირებადი გადაფარვა.

შესაძლო შედეგები:

  • ჰემოდინამიკური არასტაბილურობა;
  • სითხე-ელექტროლიტური დისბალანსის გაღრმავება;
  • რეგულაციური რესურსების დაჩქარებული ამოწურვა.

ამ ეტაპზე უსაფრთხოება აღარ განისაზღვრება ცალკეული ნივთიერების თვისებებით და დამოკიდებული ხდება მისი გამოყენების კომბინაციებზე.

 

გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემების შეზღუდულობა

მეთოდოლოგიური რისკი

ერგოგენული საშუალებების უმრავლესობის კვლევები ეფუძნება მოკლევადიან დაკვირვებებს, ჯანმრთელ სუბიექტებზე და შეზღუდული კომბინაციების პირობებში.

შესაძლო შედეგები:

  • გრძელვადიანი გამოყენების რისკების არასაკმარისი შეფასება;
  • უსაფრთხოების ცრუ განცდა მონაცემთა ნაკლებობის გამო;

დამტკიცებული ზიანის არარსებობა არ ნიშნავს უსაფრთხოების დამტკიცებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან ინტენსიური გამოყენების პირობებში.

 

 

წყარო
[1] Thein, L. A., Thein, J. M., & Landry, G. L. (1995). Ergogenic aids. Physical Therapy, 75(5), 426–439. doi:10.1093/ptj/75.5.426